კარბაიას მკვლელობის საქმეზე ოკუპირებულ გალში ორი ე.წ. მილიციელი დააკავეს

პუბლიკა

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, მიმდინარე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა სამი თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა ერთ-ერთის ადგილსამყოფელი უცნობია.

ალბერტ ზარაკუას, ვიანორ აბშილავისა და დავით კვეკვესკირის მიმართ საქმე აღძრულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. ადგილობრივი ე.წ. პროკურატურის ოფისის ცნობით, 6 დეკემბერს კვეკვესკირმა დაკავებული კარბაია გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში მიიყვანა და მოწმეების გარეშე, უკანონოდ გაჩხრიკა, რის დოკუმენტირებაც არ მოახდინა.

„შემოწმების დასრულების შემდეგ, კარბაიას კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შედეგადაც, კვეკვესკირმა კარბაიას დაარტყა. იმავე დროს, ზარაკუა და აბშილავა განყოფილებაში შევიდნენ და კვეკვესკირთან ერთად კარბაიას წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს – არაერთხელ დაარტყეს მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, რის შედეგადაც კარბაიამ სხეულის დაზიანებები მიიღო, მათ შორის გულმკერდის არეში, ოთხი ნეკნის მოტეხილობა, ასევე, მარჯვენა თვალთან დალურჯებები”, – წერია განცხადებაში.

ე.წ. პროკურატურის ოფისის განცხადებით, თემურ კარბაია დროებითი დაკავების იზოლატორში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოათავსეს, ხოლო 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაუდასტურებიათ მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.