კარდინი: „ოცნებამ“ ანტიამერიკული პროვოკატორის შერჩევით ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინა

პუბლიკა

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი „ქართული ოცნების“ მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს.

მისი თქმით, ყაველაშვილი ანტი-ამერიკული პროვოკატორი და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, რომლის არჩევითაც „ოცნება“ „საკუთარ ნამდვილ ბუნებას ავლენს“.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი ნამდვილი ბუნება სახელგანთქმული ანტიამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში.

როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში არიან“, — აცხადებს სენატორი კარდინი.

კარდინი განცხადებაში ასევე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძალადობაში მონაწილეებს „პასუხი უნდა აგებინოს და სანქციები დაუწესოს“.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას, მათ შორის დააწესოს გლობალური მაგნიტსკის სანქციები. ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე“, — ამბობს სენატორი კარდინი.

14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის შენობაში ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნებს, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ „ოცნების“ მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო. „ოცნებამ” ყაველაშვილი პრეზიდენტად დანიშნა.