ლუგარში ნამყოფები არიან რუსი ჟურნალისტები, მეცნიერები. იციან, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა სამეცნიერო კვლევებისა - გამყრელიძე

პუბლიკა

„ლუგარის ლაბორატორია ეს არის სამეცნიერო დაწესებულება, ძალიან გამჭვირვალე დაწესებულება; ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვპასუხობთ და არ შევდივართ დისკუსიაში…

ლუგარის ცენტრში ნამყოფები არიან რუსი ჟურნალისტები; ლუგარის ცენტრში ნამყოფები არიან რუსი მეცნიერები. მათ შორის, მსგავსი პროფილის ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორია ნამყოფია ლუგარის ცენტრში და მათ კარგად იციან, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება გარდა სამეცნიერო კვლევებისა. ეს არის მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი ბიოლოგიური ლაბორატორია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, რომელშიც ზახაროვა ამბობდა, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს.

დღეს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ მედიას საშუალება მიეცა,  დაეთვალიერებინათ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ლუგარის ლაბორატორიას აქვს დასავლური და არა რუსული ორიენტაცია და თანამშრომლობს სწორედ დასავლურ ლაბორატორიებთან:

„გაღიზიანება არის, თუ რატომ აქვს საქართველოს დასავლური ორიენტაცია და არა აქვს ჩრდილოური ორიენტაცია. ეს ბევრი საკითხი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარეობს ის დაბრალებები“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი ღერძი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე გადის.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მთავარი ღერძი სწორედ გადის ამ ლაბორატორიაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრზე და ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუტებთან, ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრთან და ა.შ. გახლავთ საწინდარი, რომ საქართველო ამ მხრივ და ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

წინასწარ განზრახვითაც იყო გამოსვლა, გასულ კვირას, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, სადაც გამეორდა იგივე ნარატივი, რაც ხშირად გვესმის ლუგარის ცენტრთან მიმართებაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი [ჟურნალისტების] ვიზიტით, კიდევ ერთხელ ნახეთ თქვენი თვალით, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, გარდა მაღალი დონის სამეცნიერო კვლევებისა“, – უთხრა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა  ჩარლზ ვაიტეკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა, ეჭვები ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ნაწილია და მსგავსი ინფორმაციები პოლიტიკური მოტივებისთვის გამოიყენება.

„ლუგარის ლაბორატორია ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალიან ძვირფასი დაწესებულებაა. ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო გამოწვევების გადასაჭრელად. სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით აბსურდულ ინფორმაციას ლუგარის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს [დეზინფორმაციის] კამპანიის ნაწილია“, – აცხადებს ჩარლზ ვაიტეკი.