კარგი იქნება „დაივინგისთვის“ - რეზნიკოვი Moskva-ს ჩაძირვაზე

პუბლიკა

„რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირვის ადგილი კარგი იქნება „დაივინგისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა twitter-ზე დაწერა და განაცხადა, რომ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ ის ჩაძირულ Moskva-ს მოინახულებს. რეზნიკოვმა ყვინთვის დროს საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ადგილი „დაივინგისთვის“ შავ ზღვაში. ომში ჩვენი გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოვინახულებ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.


14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ხომალდი Moskva ჩაიძირა. მათი განცხადების თანახმად, „საბრძოლო მასალის აფეთქების“ შედეგად დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გამოყვანისას ჩაიძირა.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში რუსული ზღვის ფლოტის კრეისერი Moskva იწვოდა. მედიის ცნობით, გემს უკრაინელებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.

Moskva-ზე თავდასხმას საერთაშორისო მედიაში რეზონანსი მოჰყვა. ეს სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინიზე მყოფ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, მათ კი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით უპასუხეს მტერს.

Moskva შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო. ის გამორჩეულ მნიშვნელობას ატარებდა რუსეთისთვის. მისი ძლიერების სიმბოლოა და მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში. თავად Moskva-ს არ ჰქონდა სახმელეთო ობიექტებზე შეტევისთვის განკუთვნილი იარაღი, როგორიცაა, მაგალითად, „კალიბრის“ რაკეტები. ის შეიარაღებული იყო ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებითა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებით.