კარგი იქნება, თუ ფედერაციები მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ – წულუკიანი დათუნაშვილის საქმეზე

პუბლიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს უსმენენ. პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრს ჰკითხა ქართველი სპორტსმენის, ზურაბ დათუნაშვილის შესახებ, რომელიც დღეს სერბეთის სახელით ასპარეზობს. ჯაფარიძემ მინისტრს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მცდელობა, რომ დაჰკავშირებოდა ევროპის ორგზის ჩემპიონს და რა გააკეთა ქვეყანაში მის დასაბრუნებლად.

„მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან თუ ხელმძღვანელობასთან პრობლემა. თუ სწორად ვიცი, მუშტი-კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე, რომელიც ფედერაციიდან მომდინარეობდა, ბატონმა ზურამ დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს.

აქ ჩართვის სახით ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ფედერაციები პირველი ქალი სპორტის მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ საქმიანი ურთერთობისას, თორემ, სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, როცა ეს სპორტისთვის აუცილებელია, მხოლოდ ტატამზე, მაგალითად, მივესალმებით ძალის გამოყენებას და სხვის ჯობნას, მაგრამ არჩევნებისას და სხვა დროს კარგია, თუ თავს შეიკავებენ სპორტსმენები ჩხუბისგან, რადგან ეს პირველ რიგში ქართულ სპორტს არ შეეფერება“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ამავე შეკითხვის პასუხად ასევე აღნიშნა, რომ ქართველ სპორტსმენებს სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობას ვერ აუკრძალავენ. მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენების „ბულინგი და შერცხვენა“ სხვა ქვეყანაში ასპარეზობის გამო.

„ამის მაგალითია თორნიკე შენგელია, რომელსაც არაერთი შეურაცხყოფის ატანა მოუწია, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ ეასპარეზა და შემდეგ, როდესაც საქართველოს დასჭირდა, სულ რამდენიმე დღის წინ, პირველივე დაძახილზე იყო ნაკრებთან ერთად“, – განაცხადა წულუკიანმა.

_______________________

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, 2019 წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში  მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მოსამართლემ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ დათუნაშვილი კი საქართველოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას უშედეგოდ ითხოვდა. ის ასევე საუბრობდა ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე. გეგა გეგეშიძე 2020 წელს კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელმაც საქართველოს ევროპის ოქროს მედალი ორჯერ მოუტანა (2016-17 წლებში), საქართველოს ნაკრები 2019 წელს დატოვა.