კარგი იქნება, თუ თავად იტყვიან – ვაცალოთ სასამართლოს, ნუ მივაკერებთ ადამიანს იარლიყს – მელაშვილი ხელისუფლებასა და ჯაღმაიძეს

პუბლიკა

ე.წ. გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი „TV პირველის“ ეთერში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებს გამოეხმაურა. მელაშვილმა, გუშინ, 4 მაისს გარეჯში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

„სამწუხაროდ, არა მარტო ეს სასულიერო პირები, არამედ სხვებიც, მათ შორის, ბატონი ჯაღმაიძეც – არაერთხელ გაუკეთებია მას განცხადება, რომ პირდაპირ… წეღანაც ერთი შეეშალა და ბრალდებულის მაგივრად მსჯავრდებული მიწოდა. არა ვარ, ბატონო, მსჯავრდებული და თუ ვაცლით სასამართლოს დამთავრებას, ამ ქვეყნისა და ამ ხელისუფლების პირობებში, დამთავრდეს სასამართლო და გაირკვეს მართალი და მტყუანი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მელაშვილის განცხადებით, გუშინ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს შეეხნენ ფიზიკურად სასულიერო პირები, გარეჯიდან წამოსვლის შემდეგ კი მათ უდაბნოში მოსახლეობა დახვდა და გზა გადაუკეტა. ის ამ ორ შემთხვევას შორის კავშირს ხედავს.

მისი შეფასებით, ეს არის მიზანმიმართული, ხელისუფლების გზავნილი, წინასაარჩევნოდ აგორებული „ტალღა, ბინძური კამპანია“.

ივერი მელაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სასამართლოს დასრულებამდე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ანდრია ჯაღმაიძეც გააკეთებენ განცხადებას, რომ საქმის დასრულებამდე ადამიანს არ მიაკერონ მოღალატის იარლიყი.

„მიმდინარეობს სასამართლო. დასრულდეს, ვაცალოთ. მანამდე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გინდაც პარლამენტის, თუ გნებავთ, ანდრია ჯაღმაიძეც გააკეთებენ ისეთ განცხადებას, „მოდი, საქმე სანამ არ დამთავრებულა, ვაცალოთ, ხალხო, ნუ მივაკერებთ ისეთ ადამიანებს ისეთ იარლიყს, მოღალატის ან რაღაცის, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს, ნუ ვიქნებით ჩვენ თვითონ ცილისმწამებლები და ა.შ.“, – განაცხადა მან.