კარგი იქნებოდა, საპატრიარქო ასე არ გვებრძოდეს და თანამოაზრე იყოს ჩვენი ამ საქმეში | ჯგერენაია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ მღვდელმსახურებისთვის მართლმადიდებლურ რიტუალებში მონაწილეობის აკრძალვით სინოდმა დაადასტურა, რომ ბიბლიური თავისუფლება მართლაც რელიგიური გაერთიანებაა.

„ჩვენს მღვდელმსახურებს აშინებდნენ იმით, რომ ეს არ არის რელიგიური ორგანიზაცია და ახლა ჯარში წაგიყვანთ იძულებით. ამ მექანიზმს ბიუროკრატები ვეღარ გამოიყენებენ და ამ თვალსაზრისით, სინოდი, პრინციპში, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, რელიგიური გაერთიანება, ადამიანი არ შეიძლება იყოს მონა, ეს გვწამს. ამაში ვეხმარებით ადამიანებს, ამისგან ვიცავთ და კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ასე კი არ გვებრძოდეს, არამედ თანამოაზრე იყოს ჩვენი ამ საქმეში, რადგან ჩვენც ვთვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული საქმე არის ეს – დაიცვა ადამიანი მონობისგან“, – განაცხადა ლევან ჯგერენაიამ რუსთავი 2-თან საუბარში.

როგორც პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, სამხედრო სამსახურში ძალით წაყვანილი ადამიანებით შეუძლებელია ჯარის გაძლიერება.

„ძალით წაყვანილი ხალხით როგორ შეიძლება, ჯარის ძლიერება გაიზარდოს?! ჯარს გაზრდის ის, რომ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდა ჯარისკაცობა. ჩვენთან მოსულა ხალხი, რომლებსაც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, პროგრამისტები, დიზაინერები, ბარმენები და ვიღაც სულელი მოდის და ეუბნება, რომ სამშობლო უნდა დაიცვან ავტომატით ხელში. ის ხალხი კი სამშობლოს სხვანაირად იცავს. ჩვენ ათეულობით ათას ადამიანს მივეცით ცხოვრების მშვიდად გაგრძელების საშუალება და არ მივეცით სისტემას უფლება, რომ მათი ცხოვრება დაენგრია. პარალელურად კი, ჩვენ ვითხოვთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას“, – აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე პარტია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ საკითხიც განიხილეს. მისი თქმით, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში როგორიც არის – ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა.