პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ კარგია, თუ სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ბულინგს დაუძვრნენ.
„კარგია, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც დაუძვრნენ ამ ბულინგს ორი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ ვგულისხმობ. გასაგებია ისიც, რომ, რასაც წარმოადგენენ „ნაცები“ და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივენი იქნებიან შიგნითაც. იქ დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ. ასეთია მათი პოლიტიკა.
როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებსა“ და იაგო ხვიჩიას თავმჯდომარეობით „გირჩს“ შორის კონსულტაციები გუშინ, 14 იანვარს შედგა.
პარტიების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვას აპირებენ როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს, მისი პარტია პარლამენტში შევა.
„გირჩისთვის“ პრიორიტეტი სრულად პროპორციული არჩევნებია ბუნებრივი ბარიერით. პარტია ოპოზიციას შემდეგ წინადადებას სთავაზობს:
„ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება – არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.