კარტოგრაფების საქმე | პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სააკაშვილიც გამოიკითხოს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა.

ე.წ., „დავით გარეჯის“ საქმის კონტექსტში საქმის პროკურორს, მიხეილ სადრაძეს ჰკითხეს – დავალებების გამცემი ზემდგომი პირების გამოძიების დროს ხომ არ არის შესაძლებელი, გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი?

„რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა. ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა სადრაძემ.

ბრალდებული ივერი მელაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში პოლიტიკური ნიშნებია, რადგან, როგორც მათი დაკავება, ასევე სხდომების განახლება არჩევნებს დაემთხვა.

მელაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურას შესაძლოა ჰქონდეს მცდელობა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობაც გამოჰკვეთონ, თუმცა ამბობს, რომ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, ვერავის ბრალეულობა ვერ გამოიკვეთება.

„თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში. პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები. მე არ გამოვუკითხივარ არავის, ჩემი პოზიცია იციან. იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც არ უნდა იყოს, მელაშვილი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, შანსი არაა რაღაც გამოიკვეთოს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, ვიღვწოდით, რომ საწადელისთვის მიგვეღწია, რაც ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა მელაშვილმა.

საქმის განხილვის განახლებას არჩევნებს უკავშირებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილიც.

ადვოკატ გიორგი მახარაძის პოზიციით, არჩევნების მეორე ტურის წინ საქმის განახლება ან მოსამართლის შეცვლამ განაპირობა, ან მართლაც წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება.


ე.წ., კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გათავისუფლდნენ.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გამოძიების აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის.

ე.წ., კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებული.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.