„კარტოგრაფების“ საქმეზე გამოკითხვაზე დამიბარეს - დავით დარჩიაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, დავით დარჩიაშვილი პროკურატურამ  „კარტოგრაფების“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ დავით დარჩიაშვილმა  დაუდასტურა.

მისი თქმით, პროკურატურაში მას განუცხადეს, რომ ის დაბარებულია მოწმის სახით, რადგან მან, 2012 წელს,  პარლამენტში ყოფნის დროს ისაუბრა გარეჯის თემაზე.

„ვისაუბრე, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რომ ის საზღვრები, რომლებიც არის ორჯონიკიძე-სტალინის პასუხისმგებლობა, ახლა ილიჩოვა-მელაშვილის პასუხისმგებლობა გახდა ამათი ჭკუით. ეს არის პროვოკაცია, საბოტაჟის დაბრალება და კიდევ ათასი უბედურება, პოლიტიკური ინტერესი – რაც ამის უკან იკითხება. მაშინ ვამბობდი სწორედ ამას, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო და მის გამოსწორებას როგორც წესია, კომისია საერთაშორისო სამართლის მიხედვით ცდილობს. ისინი კიდევ კომისიას აბრალებენ იმას, რაც არ უნდა დააბრალონ“, – განაცხადა მან „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, ამ საქმეზე მისი დაბარება არარელევანტური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„აბსოლუტურად არარელევანტურია ჩემი დაბარება. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თქვის წინ ველოდი ჩემს დაბარებას, როდესაც გაიჟღერა ჯონდი ბაღათურიასგან, რომელმაც თქვა, რომ მე უნდა დავეკითხე. მაშინ ველოდებოდი, მაგრამ არ გამოჩდნენ.

ახლა უკვე ამ თავიანთი აბსურდული საქმით საით გაუხვიონ, უკვე აღარ იციან და საპარლამენტო დებატების მონაწილეებს იბარაბენ. ეს არის კონსტიტუციასთან აცდენაც, სხვათა შორის. მაგრამ მე მივალ და ვეტყვი, რომ გადაიკითხონ სტალინის პროკურორის, ანდრეი ვიშინსკის საქმეები და როგორ ჰგავს იმდროინდელი საქმეები დღევანდელ საქმეებს“, – თქვა მან.

ყოფილი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე 3 თებერვალს, 12 საათზეა დაბარებული.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრს დააპატიმრეს და 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურამ კარტოგრაფები საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.