კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი 7-8 მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის პროტესტს და დაკავებას ეხმაურება.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია, როცა კარავი არ ბლოკავს შენობის შესასვლელს ან აფერხებს ტრანსპორტს.

„ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე.

ამავდროულად, 1 ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.

ახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ივნისს დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ გაიყვანა გიგორიადისი პოლიციამ როცა ის კარვის გაშლას ცდილობდა.

5 დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან კარვის გაშლას ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არც ერთ ჯერზე აძლევდა.