კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა კვლევის გადამოწმებამდე არ დაიწყება - თურნავა

პუბლიკა

ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებას ახალი შეთანხმების შესახებ ამცნო.

მისი თქმით, კომპანია კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას მანამდე არ დაიწყებს, სანამ ძირითადი კვლევა ხელახლა არ გადამოწმდება.

„იმისათვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც პროექტის უსაფრთხოებას შეეხება, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესების ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ პრინციპული, ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს, და არა საპროექტო კომპანია, დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის, თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანადაა პროექტი შესწავლილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენ ინფრასტრუქტურულ, „მოსამზადებელ სამუშაოებს“ კომპანია გააგრძელებს.