კასიანოვმა გაიმეორა უკრაინის ხელისუფლების სურვილი, საქართველო გახდეს II ფრონტი - კობახიძე

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ჩვენ ვამბობთ. არის პირდაპირი სურვილი, გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრი კასიანოვს პასუხობს.

ანდრი კასიანოვმა დღეს, 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოსგან უფრო ეფექტური დახმარების გაწევას მოელოდა.

კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.


„დღეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშვიდობიან უკრანულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტატეგიული პარტნიორობა“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის განცხადებით, საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია იძლევა რწმენას, რომ ორი ქვეყანა ერთად გააგრძელებს მათი ხალხების ნათელი მომავლისთვის წინასვლას.

„ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს – ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს” – უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ 20 ივლისს.