დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან“, – თქვა კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
კასოანოვმა დღეს მორალური მხარდაჭერის გარდა მატერიალური დახმარების საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ
საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს. მაგრამ როგორც ის ამბობს, პასუხი ამ მდრომდე არ მიუღიათ.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.