შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კასპში 2 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული პირი ყოფილი პოლიციელია.
„ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან – პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა”, – განაცხადა მან.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება ყველა ადამიანი და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
„მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.