„კასპში ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლესა და დედ-მამას" | დაკავებულია 3 პირი

პუბლიკა

კასპში პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურა წერს, ბრალდებულები 4 წლის შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლესა და დედ-მამას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები – ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე საქმეზე ნივთმტკიცების სახით  სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოიღეს…”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.