შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.