ხანდაზმულთა ცენტრმა, „კათარზისმა” დღეს მოხუცები არ ასადილა. მიზეზად კორონავირუსთად დაკავშირებული პრევენციული ზომები დასახელდა. ცენტრში აცხადებენ, რომ სასადილოს მუშაობა დროებით, ორი დღის განმავლობაში შეჩერდება.
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესების და ეგრეთწოდებული კორონავირუსის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან და ეს არის დაახლოებით 350 მოხუცი, რომელიც ყოველდღიურად თავს იყრის, მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრის მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით ორი დღით”,- განუცხადეს „ტვ პირველს” „კათარზისში”.
ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, მუშაობა ორ დღეში მოდერნიზებული ფორმით განახლდება. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, „კათარზისი” მაქსიმალურად შეზღუდავს მოხუცების ერთ სივრცეში თავშეყრას.
დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ, რომლის ტაძართანაც ასევე მდებარეობს უფასო სასადილო, „დღის ამბებში” განაცხადა, რომ „კათარზისის” დახურვის გამო მისი ტაძრის სასადილოში დღეს ხალხის განსაკუთრებით დიდი ნაკადი იყო. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ უჭირს უფასო სასადილოს დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
„როგორც მითხრეს „კათარზისი” და სხვა სასადილოები დაიხურა და ის ხალხიც ჩვენ მოგვაწყდა. დავრეკეთ ჯანდაცვის სამინისტროში და იქ გვითხრეს, რომ ჩვენი გადასაწყვეტია სასადილოს დავხურავთ თუ არა. იქნებ კომპეტენტური ხალხი გამოგვეხმაუროს და რეკომენდაციები და რჩევები მოგვცენ.
რთი მხრივ, შიმშილით მოკვდება ეს ხალხი თუ ვირუსით, რავიცი, როგორ ჯობია უკვე ვერ ვხვდები. ძაან მოხუცები არიან ეს ხალხი, ვინც ჩვენთან მოდის. მართალია ისინი გარეთ არიან და მიაქვთ საკვები და ერთიან შიდა სივრცეში არ არიან, მაგრამ მაინც პრობლემად მიმაჩნია იმიტომ რომ რიგში ძალიან ახლოს დგანა ერთმანეთთან”,- განაცხადა დეკანოზმა გალდავამ.