ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ზე წერს, რომ, მისი ინფორმაციით, 8-10 იანვარს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
მისი თქმით, ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია.
ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას – რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით.
ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე.
ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“, – წერს კოლსი.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პია კაუმას ასე ძალიან სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“.
„სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. იმედი ვიქონიიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, – წერს ევროპარლამენტარი.
რიჰარდს კოლსის სტატუსი X-ზე გააზიარა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და დაწერა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვის.
ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიზნად ისახავს ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში შუამავლობას”, – წერს იუკნევიჩიენე.
კოლსის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც, რომელმაც დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.
„არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, – წერს იან კელი.
პია კაუმას დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელმაც დაწერა, რომ ეს სერიოზული შეცდომაა.
„პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ლეგიტიმაცია არ უნდა მიანიჭოს არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მთავრობას + პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით შეიკრიბა. ევროკავშირი, ევროპის საბჭო და ეუთო უნდა მოითხოვდეს თავისუფალ და სამართლიან ახალ არჩევნებს. ესაა ღრმა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი“, – დაწერა მან.
„პუბლიკა” ვიზიტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგების მიზნით, მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ და ინფორმაციას გადაამოწმებენ.