„კატეგორიულად გამოვრიცხავთ“ - ეროვნული ბანკი სანქციების თავის არიდებაზე ბრალდებებს პასუხობს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება უცხოურ ბედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები და სანქცირებული პირები საქართველოს, მის ბანკებსა და საფინანსო სისტემას სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.

ეროვნული ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის შესრულება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

„საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი.

„ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“, – წერია განცხადებაში.


Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა დეპუტატებმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადეს, რომ რუსები საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ, თუმცა უკრაინელებს კონკრეტული დეტალები და მაგალითები არ წარმოუდგენიათ. დეპუტატები მოუწოდებენ აშშ-ს, რომ იმოქმედონ სანქციების საკითხთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, საქართველოს საელჩო ამერიკაში ბრალდებებს „სრულ სიცრუეს“ უწოდებს.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მისივე განცხადებით, რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ. დასავლეთის სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, – განაცხადა არახამიამ.