კატეგორიულად მოვითხოვთ, წარმოადგინონ მტკიცებულება ამაზრზენ ბრალდებაზე ან უარყონ - მდინარაძე

პუბლიკა

„კატეგორიულად მოვითხოვთ, შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებითა და არხებით უარყონ აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი საქართველოს მიმართ“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფრომაციის პასუხად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

„დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე. სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტია, ოპოზიცია და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის – უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გამორიცხავს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, თუკი არ მიიღებენ საქართველოსგან მტკიცებულებას, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ ეხმარება.