კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდოდა, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ენახა. მისი თქმით, ისინი გამოგონილი ბრალდებებით გამოდიან და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას რეალური მტკიცებულებები არ წარუდგენია, „ქართულმა ოცნებამ“ კი კონსტრუქციული მზაობა არაერთხელ გამოხატა, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნით.

პრემიერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები ჰყავდათ.

„მათი ლოგიკა არის შემდეგი, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ დაბრუნება, მე ვფიქრობ, ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენა გახდება ძალიან რთული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მიმართა, მისი თქმით, კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომ აქვთ შანსი, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. ეს საკითხი არის დახურული. ეს საკითხი არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან გასულები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უმოკლეს ვადაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგეს საქართველოში. აქვე ღარიბაშვილმა ნიკა მელია კიდევ ერთხელ მოიხსენია კრიმინალად.