კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქებას გამოეხმაურა.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – წერს პრეზიდენტი.


ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. კაშხალი ათობით მეტრის სიგანეზე ჩამოინგრა. კიევში აცხადებენ, რომ კაშხალი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს.

მოსალოდნელია, რომ კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წყალი არაერთ დასახლებას დატბორავს. ხერსონის ოლქის ნაწილიდან უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მათ შორის, თავად ქალაქ ხერსონის ნაწილიდან. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს. უკრაინის კონტროლირებად ნაწილში მობილიზებულნი არიან მაშველები და ეროვნული პოლიცია.