კათოლიკე მღვდელი, კონსტანტინე აკოფაშვილი ამბობს, რომ დღეს ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის ჩასატარებლად ბუზმარეთის ეკლესიაში არ უშვებენ. „ფორმულასთან“ კომენტარში ის აღნიშნავს, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია სასულიერო პირებს ეუბნება, რომ მხოლოდ 3 საათიდან შეუძლიათ ეკლესიაში შესვლა და წირვის ჩატარება.
„ამაღლების დღესასწაულზე ყოველ წელს ტრადიციისამებრ ჩვენ ამოვდივართ ბუზმარეთში, თუმცა, სამწუხაროდ, დაახლოებით, 2005 წლიდან ჩვენ უბრალოდ ჩამოგვერთვა ეს ეკლესია, სადაც ჩვენი წინაპრები ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, სადაც მე გავიზარდე, მთელი ბავშვობა აქ დავდიოდით. მაგრამ ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ აგვეკრძალა იმ პატარა ნანგრევებთან მიახლოებაც კი, სადაც ახლა უკვე არის მონასტერი და არის მართლმადიდებლური ეკლესია.
შარშან იყო მცირედი დაპირისპირება ამ ორ მხარეს შორის, მაგრამ წელს ჩვენ წინასწარ გავაგზავნეთ წერილი, ჩვენ გადავწიეთ წირვა 12-დან 13:00 საათზე, რადგან არ მომხდარიყო მცირედი დაპირისპირებაც კი და ვთქვით, რომ 1-ელ საათზე ავიდოდით, წირვას ჩავატარებდით. არათუ იმ ეკლესიასთან ახლოს, რომელიც დიდი კლდით არის შემოღობილი, უბრალოდ ცალკე, გვჭირდებოდა 30 კვადრატული მეტრი, რომ წირვა ჩაგვეტარებინა. თუმცა მოვედით სასაზღვრო ზონასთან – აქ არის სუსი, პატრული, სასაზღვრო პოლიცია.. აქ არიან ყველა, არ ვიცი, რას ემსახურება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, წინა წლების მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ ითხოვეს 13:00 საათზე წირვის ჩატარება, თუმცა „დაპირისპირების საფრთხის” საბაბით 3 საათამდე ადგილზე არ უშვებენ.
„პოლიცია გვეუბნება, რომ სასულიერო პირებს არ აგიშვებთ მაღლა, მრევლს შეუძლია ავიდეს, ილოცოს და წირვა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 1 საათზე, მათ თქვეს, რომ 3 საათამდე არ მოხდება. გვეუბნებიან, რომ სასულიერო პირებს არ აგიშვებთ, რომ საფრთხეა დაპირისპირების და გაუგებრობის… იმ ეკლესიაშიც აღარ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ იმ კლდის გარეთ უბრალოდ წმინდა წირვას, 20 კვადრატულ მეტრზეა საუბარი და აქ, დაახლოებით, 200 სამართალდამცავი დგას, მე არ ვიცი, რას ემსახურება. კათოლიკე მრევლი, რა თქმა უნდა, გამოთქვამს ამ პროტესტს, რადგან არ არის ლამაზი, როცა სასულიერო პირებს არ უშვებენ და მრევლს ეუბნებიან, ადით, ილოცეთ და ჩამოდით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო შარშანაც, შარშანწინაც იგივე დაპირისპირება. სასულიერო პირებს გვეუბნებიან, რომ თქვენ 3 საათამდე არ შეხვალთ, მერე ადით, ჩაატარეთ წირვა.
მრევლს ეუბნებიან, თქვენ ადით, პრობლემა არ არის. ვერ გამიგია, სასულიერო პირები რით ვართ ნაკლები ამ ქვეყნის მოქალაქეებზე. რა დაპირისპირებას და გაუგებრობას უნდა ჰქონდეს ადგილი, ესეც ჩემთვის გაუგებარია. უბრალოდ ეს არის პირდაპირი ფაქტი რელიგიურ უმცირესობებთან… გუშინ წინ ჩვენი ეპისკოპოსები, საპატრიარქოს წარმომადგენლები ვატიკანში პაპის კურთხევაზე დიდი პატივით და სიყვარულით მიიღეს, დღეს ჩვენ 20 კვადრატულ მეტრზე, სადღაც უღრან ტყეში გვეუბნებიან, რომ აღარ ამოხვალთ. წინასწარ იცოდნენ, რომ 1 საათზე გვინდოდა, იმიტომ, რომ ისინი 12 საათზე რჩებიან წირვას“.