„არასწორად იყო გაგებული საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება. ეს, არამც და არამც არ ყოფილა გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან – არამცდარამც“, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ელჩების კონფერენციაზე, სადაც ის საუბრობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ამ კუთხით რეგიონში შექმნილ გამოწვევებზე და ასევე, ყურადღებას ამახვილებს „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ შესახებ ინიციატივაზე.
„საქართველოს პრეზიდენტს, სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, მანამდეც არაერთხელ უთქვამს და ჩვენც გვითქვამს, თუნდაც შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრა როდესაც იყო, იქიდან გამოსული, ყველა ერთხმად აღვნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ქვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა თბილისი, როგორც პლატფორმა, დიალოგი, საშუალება იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშეა. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა“, – განმარტა დავით ზალკანიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია.
„რაც შეეხება ერდოღანის ინიციატივას, რა თქმა უნდა, მისი ინიციატივა თურქეთის გადმოსახედიდან ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. თუმცა, ჩვენთვისაც ისინი ითვალისწინებენ ჩვენს ხედვას, რადგანაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ამ დიდ პლატფორმაში ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება საუბარი და ძალიან რთულია, რომ რაღაც გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20%. ამიტომ, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ. მაგრამ, წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ზალკანიანმა.
22 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადება „ელჩების კონფერენცია 2020-ის“ ფარგლებში გააკეთა და შემდეგ ვიდეოს ფორმატით ტვიტერზე გამოაქვეყნა.
„მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.
ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია გუშინვე გამოეხმაურა, მათი თქმით „მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს“, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე.
„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ორი კვირის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ის ხედავს „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა. ერდოღანი ბაქოში დაესწრო საზეიმო აღლუმს, რომლითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის შედეგები აღნიშნა.
„დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.