„კავკასიის პლატფორმა მახეა“ | პრეზიდენტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

„კავკასიის პლატფორმა მახეა“, „რუსეთი ჩვენი მტერია და არა მოკავშირე“, – ამ ლოზუნგებით გაიმართა საპროტესტო აქცია საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე გააკეთა და რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ შესახებ ინიციატივაზე.

„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია რუსული პოლიტიკა და რუსეთიზაცია საქართველოსი. ეს არ იყო წამოცდენა. ეს იყო მიზანმიმართული ნათქვამი იმიტომ, რომ ამ ე.წ. კავშირში, რომელსაც ჰქვია ერთიანი კავკასიის იდეა, პლატფორმა, მოიაზრება რუსეთი და ირანი, რომელიც, ერთი დასავლური ღირებულებების მტერია, რუსეთი პირდაპირ ოკუპანტია ჩვენი და მათთან რაიმე კავშირში შესვლა, ეს არის ჩვენთვის პირდაპირ ხარაკირი საერთაშორისო საზოგადოების თვალში… არანაირი ალტერნატიული კავშირები, რომელიც მახეა საქართველოსთვის და რომელიც ემსახურება ჩვენი სუვერენულ ინტერესების დაცვას, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, არ შევეგუებით“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე და „თავისუფალი ზონის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე „მთავართან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი შეგნებულად გაკეთებულ განცხადებად აღიქმება.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოცდენებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს არ იყო წამოცდენა. ეს აღქმული იყო, როგორც შეგნებულად გაკეთებული განცხადება, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ქართული საზოგადოება არ შეეგუება სალომე ზურაბიშვილის მიერ მსგავს განცხადებას და უფრო მეტიც, ქმედებებს“, – აღნიშნა ლაშა ხუსკივაძემ.


22 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადება „ელჩების კონფერენცია 2020-ის“ ფარგლებში გააკეთა და შემდეგ ვიდეოს ფორმატით ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია მალევე გამოეხმაურა, მათი თქმით „მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს“, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე.

„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.