„კავკასიური პლატფორმა“ - როგორი შეფასებები მოჰყვა საქართველოში ზურაბიშვილის განცხადებას

პუბლიკა

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საუბრობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ამ კუთხით რეგიონში შექმნილ გამოწვევებზე და ასევე ყურადღებას ამახვილებს „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ შესახებ ინიციატივაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „TV პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ კავკასიის პლატფორმის შექმნა თურქეთის იდეაა და მას მიესალმა ვლადიმერ პუტინი.

„ამ პლატფორმის მთავარი ამოცანა და მიზანი არის სწორედ რეგიონიდან დასავლეთის ინტერესების განდევნა. პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მისალმება ამ პლატფორმის ეს არის პირდაპირ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ საქართველოს პრეზიდენტად ხელდასმული სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, არა საქართველოს NATO-სთან დაახლოება, არამდედ პირიქით – NATO-ში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტის ვიდეო-განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არ იქნება ჩართული თავისუფალი სამყარო, ან შეერთებული შტატები, ან NATO, ან ევროკავშირი, უსაფრთხოების ამ ჭრილში, არის საქართველოსთვის არასასურველი მინიმუმ, ან სახიფათო.

„ჩვენი პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ არასერიოზული ადამიანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ამას გარდა ცნობილია წარსულშიც ინსტიქტებით და პოზიციებით, რომლებიც საზიანოა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის.  რაც შეეხება ამ ინციატივას, თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არ იქნება ჩართული თავისუფალი სამყარო, ან შეერთებული შტატები, ან NATO, ან ევროკავშირი, უსაფრთხოების ამ ჭრილში, არის საქართველოსთვის არასასურველი მინიმუმ, ან სახიფათო. სწორედ ასე უნდა მიუდგეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ასეთ ინიციატივებს, ამ ჭრილში, რადგან იქ არის რუსეთიც ჩართული, რომელიც არის აგრესორი ქვეყანა, საქართველოსთან მიმართებაში სპეციფიურად და სადაც არ არის ჩართული ან აშშ ან ნატო და ევროკავშირი, საქართველოს ინტერესებში ეს არ შედის.“ – აღნიშნა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილის ტვიტს ეხმაურებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ ინიციატივებს ჩაღრმავება და განხილვა სჭირდება.

„2012 წლამდე საქართველო იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში და ამის „საუკეთესო“ გამოხატულება იყო 2008 წლის ომი, რომელშიც ჩაითრია ქვეყანა მაშინდელმა ხელისუფლებამ და რომლის საფუძველზეც ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. საქართველო 2012 წლამდე იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში. 2012 წლის შემდეგ საქართველო გახდა ამ კუთხით პოზიტიური წვლილის შემტანირეგიონში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება კონკრეტულ ინოციატივებს, ამას სჭირდება ბუნებრივია ჩაღრმავება და განხილვა“, – თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რომ ყოფილი ელჩის განცხადებაში „ცოტა სხვა ინტერპრეტაცია აქვს ამ ყველაფერს მიცემული”. 

„ქალბატონი სალომე არ მგონია, რომ იქ წახალისებას უკეთებდეს. უბრალოდ ის გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ მშვიდობამ დაისადგურა კავკასიის რეგიონში. რაც შეეხება ბ-ნ ყოფილი ელჩის ინტერპრეტირებას, იქ ცოტა სხვა ინტერპრეტაცია აქვს ამ ყველაფერს მიცემული. ამ შემთხვევაში, მე ასე ვერ დავაკავშირებდი ამ ორ განცხადებას ასე პირდაპირ ერთმანეთთან. მანამ, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მანამ, სანამ ამ ოკუპაციის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ვერანაირი კავკასიური პლატფორმა ამ ქვეყნების მონაწილეობით ვერ იმუშავებს“, – ამბობს სამხარაძე.


სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება „ელჩების კონფერენცია 2020-ის” ფარგლებში გააკეთა და შემდეგ ვიდეოს ფორმატით ტვიტერზე გუშინ გამოაქვეყნა.

„მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.