„კავკასიური სახლის“ მორიგი წერილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს

პუბლიკა

„კავკასიური სახლი“ ევროპარლამენტარს, ევროპის  „მწვანეთა პარტიის“ წევრ ვიოლა ფონ კრამონს მორიგი ღია წერილით მიმართავს.

წერილში ნათქვამია, რომ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ ევროპარლამენტარის წერილის სტილით „რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ  ნაკლებ დიპლომატიური”.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ გამოძრავებთ კეთილშობილური მიზანი,  ხელი შეუწყოთ საქართველოში პოლიტიკური  მოტივაციებისაგან თავისუფალი  სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ევროკავშირსა და მის სტრუქტურებს.

მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც  ცხადია, რომ  „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს.  და  ფაქტი  ფაქტად  რჩება:  შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან.  და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა: გაკვირვებულები ვართ, რომ წერილის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილზე  ერთობ  ზოგადად გვიპასუხეთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ევროკავშირი იწყებს ევროპული  მწვანე კურსის განხორციელებას და ეს საკითხი უკვე განვიხილეთ კავკასიური სახლის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად,” – ნათქვამია წერილში.

წერილის ბოლოში, რომელსაც ხელს „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი და სახლის თანამშრომლები აწერენ, ღნიშნულია:

„P.S. ძალიან გაგვახარა თქვენ მიერ გერმანელ-ქართველი მწერლის გივი მარგველაშვილის ციტირებამ.  კავკასიური სახლი უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც ამ მართლაც გენიალური  მწერლის,  ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის შემოქმედებას იკვლევს,  თარგმნის და გამოსცემს.  ეგებ პოლიტიკოსების მიერ კონტექსტს დაშორებული  ფრაზების ციტირებამ მაინც შეუწყოს ხელი  ამ  დიდი  შემოქმედების  უფრო სერიოზულ წაკითხვას”.

„კავკასიურმა სახლმა“ ევროპარლამენტარს პირველი ღია წერილით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.  ამ წერილს ევროპარლამენტარმა „ტვიტერზე“  უპასუხა.