კავკაზ რეალიი: ადამ კადიროვი ავტოავარიის შემდეგ გროზნოს საავადმყოფოშია გადაყვანილი

პუბლიკა

„რადიო თავისულების“ ჩრდილო-კავკასიური გამოცემა „კავკაზ რეალიის“ ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიის შემდეგ გროზნოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოცემას ინფორმაცია ორმა დამოუკიდებელმა წყარომ აცნობა.

„საავადმყოფოსკენ მიმავალი გზები ჩაკეტილია, რადგან იქ ადამი მიიყვანეს. როგორც ამბობენ, ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს კადიროვის ვაჟს“, – განაცხადა გროზნოში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ. „კავკაზ რეალიის“ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა მეორე წყრომაც.

ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, ადამ კადიროვის კორტეჟი „დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა“:

„შედეგად, მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. მოგვდის ინფორმაცია, რომ დაშავებული ბევრია“.

მოძრაობის წარმომადგენელმა „კავკაზ.რეალიის“ განუცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟის მდგომარეობაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა მედიამ სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვს თირკმლები გაეთიშა. მალევე რუსულმა მედიამ გაავრცელა კადიროვის ციტატა, რომელშიც მან ეს ინფორმაცია უარყო.