Kebab House-ის ლოკაცია, რომელსაც პოლიციამ ვერ მიაგნო, Google-ში რამდენიმე წამში იძებნება

პუბლიკა

Kebab House-ის ლოკაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ვერ მიაგნო, Google-ში რამდენიმე წამში იძებნება.

დღეს შსს-მ გაავცელა აუდიოჩანაწერი, როგორ რეკავს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ში და ოპერატორს ეუბნება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწრაფად მივიდნენ. ბრეგვაძე აკონკრეტებს, რომ მცხეთაში, Kebab House-სთან იმყოფება.

„ქუჩა არ ვიცი ზუსტად, Kebab House აწერია, რაღაც ადგილია, ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ… ხომ იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვეთ და მოდით მალე რა”, –  ეუბნება ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს.

112-დან ბრეგვაძეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან Kebab House მცხეთაში არ იძებნება. ბრეგვაძე ოპერატორს შეტყობინების გაუქმებას სთხოვს, რადგან მანამ, სანამ შსს ადგილზე მივიდა, დაპირისპირება დასრულდა, ტერიტორია ყველამ დატოვა და საპატრულო ეკიპაჟის ადგილზე მისვლას აზრი აღარ აქვს.

„თქვენს მიერ გადმოცემული ლოკაცია ვერ მოვძებნეთ, Kebab House სწორად მესმის?… გადაცემული არის გამოძახება, უბრალოდ ვერ აგნებენ ამ ტერიტორიას, Kebab House არ არის ასეთი მცხეთაში, როგორც ამბობენ, ზუსტი ლოკაცია გვინდოდა”, – ეუბნება გავრცელებულ ჩანაწერში 112-ის ოპერატორი იაკობ ბრეგვაძეს.