კეკელიძეზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა

პუბლიკა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახს ასახლებენ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

თბილისში კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი. ადგილზე მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

გამოსახლების ხელშესაშლელად კეკელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ, გამოსახლების პროცესის დაწყებას ხელი შეუშალონ. ისმის შეძახილები „მონა“, „წადით, წადით!“.

ასევე გაშლილია ბანერები: „ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ“, „აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება“.

მოქალაქეებსა და ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაა. მოქალაქეები შსს-ს წარმომადგენლებს წყალს ასხამენ.

კორპუსის შესასვლელი რკინის კარი დალუქული იყო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა ის ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს და ახლა საცხოვრებელი სახლის კარის გახსნას ცდილობენ. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს თავდასაცავად რკინის ფარები აქვთ მიტანილი.

 


კეკელიძის 1 ნომერში იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. მისი თქმით, მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ბიუროში 2018 წლის სექტემბერში შევიდა და სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო.

„გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – აცხადებს აღსრულების ბიურო.