საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ სტატიაში საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ სამეზობლოში და ამ ქვეყნის მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკელი. სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქართველები კვლავ იზიარებენ ასეთ შეხედულებებს, მაგრამ მთავრობა „აშკარად მოსკოვისკენ იხრება“ და სულ უფრო მეტად იქცევა რუსეთის რეჟიმის მსგავსად ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის კუთხით.
სტატიაში ნახსენებია ელჩი რობინ დანიგანი, რომელიც თანამდებობას ტოვებს. კელი და კრამერი ფიქრობენ, რომ ასეთი დინამიკა ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმნეშვნელოვანესს ხდის, სწრაფად დაასახელოს რობინ დანიგანის შემცვლელი – „ის ვინც მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრორუსული ქცევის წინააღმდეგ“. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად უნდა დაამტკიცოს კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ამას დააკმაყოფილებს.
„მან ასევე უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა 5 მაისს, რომელიც ქართველ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ ანტიამერიკულ ქმედებებზე და აჩვენებს აშშ-ის შეშფოთებას მათი ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისკენ სვლასთან დაკავშირებით“, – წერია სტატიაში.
კელი და კრამერი მიიჩნევენ, რომ ამერიკამ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად – „უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა საქართველო დემოკრატიულ, პროდასავლურ გზაზე დააბრუნოს“. მათი თქმით, შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს, სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუუარესდათ კავშირები მოსკოვთან, უკრაინა კი რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის.
იან კელი და დევიდ კრამერი აღნიშნავენ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველო აშშ-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პარტნიორი იყო – საქართველო იყო ნატოს არაწევრი ქვეყნების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ოპერაცია „ერაყის თავისუფლებაში“ და ნატოს ეგიდით საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებში ავღანეთში.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ამის არგაკეთებაზე ინტენსიური ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ უმასპინძლა როგორც აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, ასევე აშშ-ის არმიის ჯარებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად წვრთნებისა აღჭურვის პროგრამების ჩასატარებლად.
ავტორები ამბობენ, რომ ეს დღეები წარსულს ჩაბარდა, განსაკუთრებით 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრი ანტიამერიკული რიტორიკა აირჩია. სტატიაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქი და ნათქვამია, რომ მის კონტროლის ქვეშ მყოფმა პარტიამ აშშ დაადანაშაულა საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობასა და ქვეყანაში კიდევ ერთი „ფერადი რევოლუციის“ წაქეზებაში.
კელი და კრამერი ამბობენ, რომ „ოცნებამ“ ფაქტობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, გაყინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არ ესწრება ნატოს სამიტებს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან და წელს სოლიდარობა გამოუცხადა ირანის რეჟიმს, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები და სცადა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და დაშინება მათი „უცხოელ აგენტებად“ შერაცხვით.
მათი თქმით, გასული არჩევნების შემდეგ, ძალის გამოყენების მიუხედავად მოსახლეობა ყოველ ღამე ქუჩებში გამოდის საპროტესტო აქციებისთვის, რათა მოითხოვოს მთავრობის ავტორიტარული ზომებისა და პრორუსული ორიენტაციის დასრულება – „მთავრობამ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა და იმუქრება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის შესაძლებლობითაც. ეს ის ქართველები არიან, რომლებსაც ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებათ და იმსახურებენ.
„ქართველთა უმრავლესობისადმი სოლიდარობის გამოსახატავად, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს, და სენატმა უნდა მიიღოს MEGOBARI აქტი.
ორივე ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო, სანამ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ საკუთარ ხალხს და სანამ ამერიკის შეერთებული შტატები სამუდამოდ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონულ პარტნიორს“, – წერია სტატიაში.