კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურებიან

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართულ აქციებს ეხმაურებიან.

კარლ ჰარცელის განცხადებით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ენერგოპროექტების განვითარებაში. 

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად.

მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებაში, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიაზე, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ელექტროენერგიის დიდი გადასახადი. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


მეორე დღეა თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

    1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
    2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
    3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
    4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
    5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.