კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის“. – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაცია კერი დეგნანის კომენტარსაც ავრცელებს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.