კელოგი: ვესაუბრებით ფრანგებს, ბრიტანელებს, გერმანელებს, პოლონელებს, დნეპრის დასავლეთით ძალები ჰყავდეთ

პუბლიკა

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 მაისს არის დაგემილი.

თუმცა, უცნობია, ჩავა თუ არა შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრაში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი მიიღებენ.

კელოგმა დღეს, 13 მაისს FOX-ის ეთერში შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზეც ილაპარაკა.

„პირველი, რისი მიღწევაც გვინდა, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე.

ამის შემდეგ ტერიტორიაზე გადადიხარ. ხუთი ძირითადი ოლქია: ლუჰანსკი ჩრდილოეთში, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი, და დისკუსია იმაზეა, თუ როგორ გამოიყურება ეს.

თუ იმ მიწაზე ხარ, რომელსაც აკონტროლებ, რადგან მისთვის იბრძოლე, მაშინ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად აქედან დავიწყებთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეზე, ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამე ადგილზეა. ვსაუბრობთ, ვინ გააკონტროლებს მას. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ამ ელექტროსადგურის გახსნაში დახმარებას გავუწევთ, დიდი დრო დასჭირდება მის ამოქმედებას და იმას, რომ მან ელექტროენერგია მიაწოდოს მთელ რეგიონს.

ჩვენ ვსაუბრობთ [უკრაინელი] ბავშვების სახლში დაბრუნებაზე. ზელენსკისთან ბავშვების სახლში დაბრუნების საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა წამოსწია. დაკარგულია 20 000-დან 30 000-მდე ბავშვი. პრეზიდენტი ზელენსკიც კი ამბობს, რომ ზოგიერთის დაბრუნება შეიძლება ვერ მოხერხდეს. იმედია, მათაც დავაბრუნებთ.

ჩვენ ვსაუბრობთ NATO-ზეც, NATO-სთან ჩართულობაზე. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ უკრაინას ამას ვეუბნებით, მაგრამ მისი NATO-ში გაწევრება შესაძლოა უახლოეს მომავალში არ მოხდეს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა – არა”. – თქვა კელოგმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში, მდინარე დნეპრის დასავლეთით ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებსა და ახლა უკვე პოლონელებსაც ელაპარაკება.

„ჩვენ ველაპარაკებით ბრიტანელებს, ფრანგებს, ასევე გერმანელებსა და ახლა უკვე პოლონელებსაც, რომ მდინარე დნეპრის დასავლეთით ძალები ჰყავდეთ, რაც ნიშნავს, რომ კონტაქტის ზონის მიღმა იქნება და აღმოსავლეთით სამშვიდობო ძალები გყავდეს და როგორი იქნება ეს, მესამე მხარის ჩართულობით, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეალური მონიტორინგი იყოს შესაძლებელი”. – თქვა კიტ კელოგმა.

გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით მოუწოდებდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სტამბოლში პუტინს პირადად შეხვედროდა და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

ზელენსკი ინიციატივას დათანხმდა და თქვა, რომ პუტინს პირადად ელოდება თურქეთში.

ევროპელი ლიდერები რუსეთს აშშ-სთან კოორდინაციით მასობრივი სანქციების დაწესებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე.