აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, მომავალ კვირას ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პარიზში გამართული შეხვედრის დროს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები „საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შესაძლებლობაზე“.
„სწორედ ამიტომ ვბრუნდებით ამ კვირაში ლონდონში, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. მე მჯერა, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები.
პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღეში მეტი გააკეთა ამ ომის მოსაგვარებლად, ყველაზე დიდი ომის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვიდრე გაკეთდა წინა 900 ან მეტი დღის განმავლობაში…
მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მონახაზები. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი მათგანი. ასევე, საუბარია ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას – მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში, შემდეგ მუდმივ შეთანხმებაზე, ხანგრძლივ მშვიდობაზე გადასვლის შესაძლებლობით. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვართ“, – თქვა კელოგმა.
17 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, 24 აპრილს მოეწერება.
11 აპრილს ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების შემდეგ, 15 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინერალების შეთანხმება წინ მიიწევს და დადებითად ვითარდება.
შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ის გულისხმობს აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული ნედლეულის მარაგზე წვდომის მიცემას.
Reuters-ის თანახმად, 11 აპრილის დისკუსიამ დაძაბულად ჩაიარა, გარემო კი „ძალიან ანტაგონისტური” იყო.
Reuters ასევე წერს, რომ მინერალების შეთანხმებაზე აშშ-ის შეთავაზების უახლესი ვარიანტი წინა ვერსიებზე ძვირია – ის ვაშინგტონის მიერ მართულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ფართო კონტროლს მიანიჭებს.
შეთანხმების თავდაპირველი ვარიანტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელი 28 თებერვალს, ვაშინგტონში უნდა მოეწერა. მაგრამ ოვალურ კაბინეტში მას, ტრამპსა და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს შორის კამათის გამო ჩაიშალა.