კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ზრუნავს ხალხზე და ვინ მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე - მდინარაძე

პუბლიკა

„პირველივე კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ასრულებს და ვინ არღვევს პირობას, ვინ ზრუნავს საარჩევნო გარემოს, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხალხზე და ვინ – მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს და ეხმაურება პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას.

„როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ ,,ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის”, – აღნინავს მდინარაძე.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილი საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.