კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია - აცხადებენ, რომ არ აქვთ ადამიანური რესურსი – ტიკარაძე

პუბლიკა

„კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარასა და იმერეთში ყოფნისას რამდენჯერმე შეხვდა კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და დაავალა არსებული რესურსის დროულად უზრუნველყოფა, რათა პაციენტები მაქსიმალურად განთავსდნენ ჰოსპიტალურ სექტორში.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს პირობა მათი მხრიდან, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში დაემატება 120 საწოლამდე და ასევე 150 საწოლამდე უნდა დაემატოს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რომ პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ტიკარაძემ.


დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 914 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ხოლო გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3316 პაციენტი.