კერძო კომპანია კორონავირუსის სწრაფ ტესტებს 150 ლარად ყიდის - სამინისტროს განმარტება

პუბლიკა

ფეისბუქზე ერთ-ერთი კომპანია ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეუძლიათ სწრაფი ტესტების ჩატარება ბინაზე მისვლით – 150 ლარის საფასურად.

ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს დაუსვეს შეკითხვა, თუ რამდენად აქვს ამ კომპანიას მსგავსი მომსახურების გაწევის ნებართვა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ რეგულირების სააგენტომ და ინფექციონისტების კომისიამ სანდოობა გამოუცხადა 4 კომპანიას. აღნიშნული კომპანია მათ შორისაა.

რაც შეეხება ფასს „სახელმწიფო მუშაობს ფასის დადგენაზე და ჩვენ სულ მალე დავადგენთ მას, რაც იქნება საბაზრო ღირებულება”, – თქვა მინისტრმა.

ამ საკითხზე ისაუბრა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ტესტების რეგისტრაციის თაობაზე რამდენიმე განაცხადი შემოვიდა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ სამინისტრომ აღიარებითი რეჟიმის მიხედვით რამდენიმე ტესტი დაარეგისტრირა. დაუშვა ამ ტესტების გამოყენება.

რაც შეეხება კონკრეტული დაწესებულებების აკრედიტაციას, ასეთი მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტულად კორონავირუსი ლაბორატორიების აკრედიტაციისთვის. ლაბორატორიები მუშაობენ შესაფერისი ნებართვების საფუძველზე.

ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს, რომ ტესტების გამოყენებას არ ჰქონდეს უკონტროლო და კომერციული ხასიათი. მკაცრად განსაზღვრავს იმ პირობებს, რა ფასით და რა ჩვენებებით უნდა ხდებოდეს ტესტის გამოყენება. რადგან ყველა არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს ერთ შემთხევაში პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა, და მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ გამოსავლებამდე. რაც კრიტიკულად საშიშია მსგავს სიტუაციებში”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ როგორც ამირან გამყრელიძე, მინისტრი და მისი მოადგილე ამბობენ, დაუშვებელია ეპიდემიის დროს ტესტების კომერციალიზაცია. როგორც მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, აქ ის იგულისხმებოდა, რომ კომპანიები ტესტებს თვითღირებულების ფასში გაყიდიან და ხშირ შემთხვევაში ამ ფასსაც სახელმწიფო დაფარავს.

ვინ არიან კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფომ ტესტების გამოყენების ნებართვა მისცა, გარდა იმ კომპანიისა, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამას უკეთებს საკუთარ სერვისს? – ამ ინფორმაციის დაზუსტებას „პუბლიკა“ რეგულირების სააგენტოსთან ეცდება და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.