კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.
ცნობილია, რომ ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.
ბექა ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
ბრალდებული ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
პროკურატურის თანახმად, 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.
ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა.
ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემგზავრა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.