მოქალაქეებმა კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამოქალაქო აქტივისტები, ქვიარ თემის წევრები, კესარია აბრამიძის მეგობრები პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბნენ ყვავილებითა და სანთლებით.
სამოქალაქო აქტივისტის, ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, პარლამენტთან მისვლა იყო იმის გამოხატულება, რომ კესარიას მკვლელობის პოლიტიკური სარჩული აქვს და საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციული კანონების მიღებით ქვეყანაში ძალადობას ახალისებს.
„კესოს მკვლელობა არ არის ამოვარდნილი შემთხვევა და ის მჭიდრო კავშირშია იმ რიტორიკასთან, რომელიც გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ეს მკვლელობა პირდაპირ არის კავშირში იმ კანონთან, რომელიც მიიღო პარლამენტმა და იმ ჰომოფობიურ, ბიფობიურ, ტრანსფობიურ რიტორიკასთან, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვესმის ამ პარლამენტის ტრიბუნიდან, პროპაგანდისტული მედიებიდან და ყველა საინფორმაციო შრიდან.
ეს ჰომოფობიური, ტრანსფობიური დისკუსიები ჩაიშალა ყველა ფენაში, განიხილება სამეზობლოებში, საჯარო ტრანსპორტში, ყველგან ადამიანებს ესმით ჰომოფობიური ნარატივები.
კარგია, რომ ადამიანებმა ძალიან მკაფიოდ გაავლეს კავშირი ამ მკვლელობასა და ამ კანონს შორის, რომელიც გარდა იმისა, რომ შექმნის პრაქტიკულ ბარიერებს ქვიარ ადამიანებისთვის ნებისმიერ სერვისზე, ამ კანონმა წაახალისა დამაზიანებელი დისკუსიები, რაც იყო კიდეც მისი მიზანი. ხელისუფლებამ ჯერ საფრთხობელად მონიშნა ქვიარ თემი, განსაკუთრებით ტრანსი თემი და შემდეგ ეს გამოიყენა, რომ ვიწროპარტიული ქულები დაეწერა“, – ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ბევრი უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ჰომოფობიური რიტორიკა ძალადობრივ გარემოს ქმნის.
„ადამიანის უფლებადამცველები ყოველთვის ვამბობდით, რომ არათუ კანონის მიღებით, მაშინაც, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი აჟღერებდა რაიმე ჰომობოფიურ მესიჯს ეს ქმნიდა საფრთხისშემცველ გარემოს ქვიარ თემისთვის. რიტორიკა, თუნდაც ძალიან მცირეც იწვევს იმას, რომ არაუსაფრთხო გარემო შექმნას ფიზიკურად. ის იწვევს არამხოლოდ მენტალურ სტრესს, არამედ ვიცით, რომ ასეთი დისკუსიების დროს იმატებს ძალადობის შემთხვევებიც“, – ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.