კეტჩუპის ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი აღმოვაჩინეთ - სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO-ს“ ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I  გამოვლინდა.

მათივე ცნობით, ამ კეტჩუპის დამამზადებელია შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. დამზადების თარიღია: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი კი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10.

სააგენტოში ამბობენ, რომ სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

„სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO-ს“ ზემოაღნიშნული პარტია, “- ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.