სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობას ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ თაკალანძის 10 წლით და 6 თვით უკანონოდ დაპატიმრებას წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.
„ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დე ფაქტო აფხაზეთის საგამოძიებო სამსახური მას საქართველოს დაზვერვასთან თანამშრომლობას ედავებოდა.