კეზერაშვილი და ხაზარაძე დალაგდნენ „მთავარ არხთან“ დაკავშირებით, ეს დაადასტურდა გაბუნიამ - კობახიძე

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს  „მთავარი არხის“ დირექტორის, გიორგი გაბუნიას  განცხადებაზე. გიორგი გაბუნიამ გუშინ თქვა, რომ „მთავარი ნაცების ტელევიზია აღარ არის“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და გიორგი გაბუნიამაც ეს დაადასტურა.

„ეს არის რეალურად ერთგვრი თამაში. ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე დალაგდნენ ერთმანეთთან „მთავარ არხთან“ დაკავშირებით. ანუ „მთავარი არხი“ ახლა მოემსახურება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და არა კონკრეტულად პარტია „ნაცმოძრაობას“. ეს იქნება კეზერაშვილის ხაზიც და ხაზარაძის ხაზიც. ეს ინფორმაცია გვქონდა ჩვენ წინასწარ და ამის დადასტურება იყო რეალურად გიორგი გაბუნიას ეს გამოსვლა. გვქონდა ინფორმაცია და ეს დაგვიდასტურა გაბუნიამ. აი, ნახავთ ახლა, როგორ გაგრძელდება  სარედაქციო პოლიტიკა და დამატებით გამოიკვეთება „ლელოს“ ხაზი. ამაში ფინანსებიც არის ჩართული სხვათა შორის. ორივე დააფინანსებს „მთავარ არხს“, ჩვენი ინფორმაცია ეს არის“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 4 სექტემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ არხის დილის გადაცემაში თქვა, რომ ტელევიზია პოლიტიკური გავლენისგან უკვე თავისუფალია.

„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად“, – თქვა გიორგი გაბუნიამ.