დავით კეზერაშვილი და ანრი ოხანაშვილი კეზერაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ფორმულას” დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ე.წ. წვრთნების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.
გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.
არ დაადგინა დარღვევა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-3 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების ნაწილში.
გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია“.
„სტრასბურგის სასამართლომ ყველაფრის გათვალისწინებით დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასა და ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა თავად დავით კეზერაშვილიც.
მან ხაზი გაუსვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
„სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს, ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე.
დავით კეზერაშვილის თქმით, მისთვის მთავარი იყო სასამართლოს ემსჯელა ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულების პროცესში გამოკვეთილ აშკარა პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, რაც, მისი თქმით, „დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა კიდეც“.
2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ფორმულას“ ცნობით, მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს იყო ამ საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენი.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.
სწორედ ეს საქმე გაასაჩივრა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში.