კეზერაშვილი მის სახლში ჩხრეკაზე: ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, ჩადებულია

პუბლიკა

დავით კეზერაშვილი ეხმაურება თავის საკუთრებაში არსებულ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ჩხრეკას. უწყებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობდა, ამოიღეს როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.

„ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით.

ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემს სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული.

ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული“, – წერს დავით კეზერაშვილი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩხრეკისას „მოწყობილი სპეციალური სამალავიდან” ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.