კეზერაშვილის მიმართ უზენაესი სასამართლოს განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვბილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დავით კეზერაშვილს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის – მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 600 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

წაგებული საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როდესაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.

როგორც „ფორმულა“ წერს, უზენაეს სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმე ამჯერად უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა დათუმაძემ კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად განიხილა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებას ის გაასაჩივრებს სტრასბურგის სასამართლოში.