კეზერაშვილის წარმომადგენელი: საქართველომ ცილისწამების კამპანია აშშ-ისკენ მიმართა

პუბლიკა

დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი პასუხობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-მ მას ვიზაზე უარი უთხრა.

განცხადებაში, რომელიც დავით კეზერაშვილის მედია „ფორმულამ” გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე”.

განცხადების თანახმად, „ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი – რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება”.

„მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილი მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ”, – წერია დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებაში.

აშშ-მ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად დავით კეზერაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. 2024 წლის 20 თებერვალს მან საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

კეზერაშვილი მოითხოვს, გადასცენ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

საჩივრის თანახმად, დავით კეზერაშვილმა კვიპროსში აშშ-ის საელჩოს B-2 ვიზის მოთხოვნით 2023 წლის 4 აპრილს მიმართა.

2023 წლის 18 ივლისს აშშ-ს საელჩომ დავით კეზერაშვილის მოთხოვნა B-2 ვიზაზე არ დააკმაყოფილა, მიზეზად კი დაასახელა შეუსაბამობა აშშ-ის იმიგრაციისა და ეროვნების აქტთან და ამ აქტის ფარგლებში 2023 წლის 1 მაისს გამოცემული დადგენილება.

მუხლი – INA§ 212(a)(2)(I) – რომელზე დაყრდნობითაც დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.