აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა — ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

პუბლიკა

აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.

უარის მიზეზის დასადგენად დავით კეზერაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. მან საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

კეზერაშვილი მოითხოვს, გადასცენ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

საჩივრის თანახმად, დავით კეზერაშვილმა კვიპროსში აშშ-ის საელჩოს B-2 ვიზის მოთხოვნით 2023 წლის 4 აპრილს მიმართა.

2023 წლის 18 ივლისს აშშ-ს საელჩომ დავით კეზერაშვილის მოთხოვნა B-2 ვიზაზე არ დააკმაყოფილა, მიზეზად კი დაასახელა შეუსაბამობა აშშ-ის იმიგრაციისა და ეროვნების აქტთან და ამ აქტის ფარგლებში 2023 წლის 1 მაისს გამოცემული დადგენილება.

მუხლი – INA§ 212(a)(2)(I) – რომელზე დაყრდნობითაც დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.