კფარ აზაში ჰამასის მიერ დახოცილთა ნაწილს თავი აქვს მოკვეთილი - BBC

პუბლიკა

ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში ჰამანისის მიერ დახოცილთა ნაწილს თავი აქვს მოკვეთილი, – ამის შესახებ BBC ისრაელის ოფიცერზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, რეპორტიორები დღეს იმყოფებოდნენ ამ დასახლებაში, სადაც მათი ცნობით, სახლები გადამწვარია და ამოხოცილია ოჯახები.

Reuters ავრცელებს ისრაელის გენერლის კომენტარსაც: „თქვენ ხედავთ ჩვილებს, დედებს, მამებს, მათ საძინებლებში და თუ როგორ კლავენ მათ ტერორისტები. ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი; ეს არის ხოცვა-ჟლეტა, ეს არის ტერორისტული აქტი”.


7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მან ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა: „არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი”.